top of page
მენტორი 2017 (1)

 

 

 

 

 

 

პროექტის შესახებ

 

"მენტორი" ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც პირველად 2016 წლის შემოდგომის სემესტრში ხორციელდება და ამიერიდან ყოველი ახალი სემესტრის დაწყებისას მენტორობისა და სტუდენტობის მსურველ ახალგაზრდებს გააერთიანებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა გაქვთ, დარეგისტრირდეთ 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

 

  1. ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს შორის მენტორობის მსურველთა რეგისტრაცია

    (14.11.2016 - 27.01..2017).
  2. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ავსტრიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყების/გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია

    (14.11.2016 - 27.01.2017).​
  3. მენტორებისა და ახალბედა სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება 

    (06.02. - 17.02. 2017).
  4. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის მანძილზე მენტორის მიერ სტუდენტის დახმარება სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებში

    (06.03. - 30.07.2017).

 

პროექტში მენტორად ჩართვის საშუალება ეძლევა ავსტრიის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. მენტორის დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ავსტრიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ავსტრიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში აპირებენ სწავლის დაწყებას/გაგრძელებას.

 

მენტორობა გულისხმობს შემდეგ ასპექტებს:

  • ავსტრიის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ქართველი სტუდენტის დაკვალიანებას სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში (სტუდენტი და მისი მენტორი შეძლებისდაგვარად ერთი და იმავე ფაკულტეტის/სპეციალობის/ სასწავლებლის მიხედვით შეირჩევა)

  • საგნების არჩევა

  • კამპუსის/აუდიტორიების განლაგება

  • სტუდბილეთის აღება

  • ბიბლიოთეკით სარგებლობა

  • სტუდენტის ონლაინ პლატფორმა

  • ქსეროქსის/სკანერის და სხვ. მოხმარების შესაძლებლობები კამპუსში

  • კონკრეტული სპეციალობის კათედრის ღონისძიებები

  • ÖH-ს ადგილობრივი პროექტები

  • და ა.შ.

 

გარდა ამისა, მენტორი სტუდენტს დახმარებას უწევს მის ქალაქში/რეგიონში სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

 

  • სემესტრული/წლიური სამგზავრო ბილეთი სტუდენტებისთვის

  • სტუდენტური ტარიფები სხვადასხვა დაწესებულებებში

  • სტუდენტური დაზღვევა

  • სტუდენტური სამუშაო

  • მობილური ოპერატორები და მათი პირობები

  • სტუდენტური საცხოვრებლების ვარიანტები

  • ქალაქის/რეგიონის ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

  • ქალაქის/რეგიონის ღირსშესანიშნაობები

  • გერმანული ენის/სხვა ენის კურსები

  • და ა.შ.

 

მენტორობა არ გულისხმობს ყველა აქ ჩამოთვლილ საკითხში დახმარებას, არამედ მხოლოდ იმ თემებზე კონსულტაციის გაწევას, რომლებიც სტუდენტს აინტერესებს. 

პროექტში მონაწილეობა დაფუძნებულია მოხალისეობრივ პრინციპებზე და არ ითვალისწინებს გაწეული შრომის ფულად ანაზღაურებას.

 

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია კოორდინაციას უწევს პროექტს და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს მენტორს და სტუდენტს. პროექტის კოორდინატორები უზრუნველყოფენ ასოციაციის ვებგვერდზე თითოეული მენტორისთვის საავტორო ბლოგის შექმნას, სადაც მენტორებს პროექტის მიმდინარეობისას მათი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების გაზიარება შეეძლებათ ტექსტის, ფოტოს ან ვიდეოს ფორმით.

 

პროექტში ჩართულ მენტორებს პროექტის ბოლოს (2017 წლის ივნისი) ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციისგან გადაეცემათ მენტორობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტის მისამართზე

რეგისტრაცია

მენტორობის მსურველთათვის

რეგისტრაცია

ახალბედა სტუდენტებისთვის

bottom of page