top of page

წესდება

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1.გაერთიანების/ასოციაციის ოფიციალური სახელწოდება არის:

ა) ქართულად: „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია“ (შემდგომში „ასოციაცია“)

ბ) გერმანულად: „Verein der georgischen Studierenden in Österreich“

გ) ინგლისურად: „Georgian Students´ Association in Austria“

დ) ასოციაციის შემოკლებული დასახელებაა: „GSAA“

1.2. ასოციაცია დაარსდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, 2015 წლის 18 იანვარს.

1.3. ასოციაციის ძირითადი საორგანიზაციო (სამუშაო) ჯგუფი მოღვაწეობს ვენაში.

1.4. ასოციაციას წარმომადგენლობა ჰყავს/ფილიალები აქვს შემდეგ ქალაქებში/ რეგიონებში:

ა) გრაცი

ბ) ლინცი

1.5. ასოციაციის რეგიონული ფილიალების დაარსება იგეგმება ინსბრუკსა და ზაცბურგში.

1.6. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს ავსტრიის მთელ ტერიტორიაზე და (საჭიროებიდან გამომდინარე) მის ფარგლებს გარეთაც.

 

 

მუხლი 2.  ასოციაციის სტრუქტურა

 

2.1. ასოციაციას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებით იღებს, გამონაკლის შემთხვევებში კი (კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში) - ერთპიროვნულად.

2.2. ასოციაციის ხელმძღვანელს ირჩევს სამუშაო ჯგუფი.

2.3. სამუშაო ჯგუფს ირჩევს ასოციაციის წევრების ის ნაწილი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.

2.4. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ასოციაციის ყველა იმ სრულუფლებიან წევრს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მასთან და რეგულარულად იხდის საწევრო მოსაკრებელს.

2.5. ფილიალების ხელმძღვანელებს ირჩევენ სამუშაო ჯგუფის წევრები და ასოციაციის სხვა წევრები ამავე რეგიონებიდან.

2.6. ასოციაციის ხელმძღვანელის, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და ფილიალების ხელმძღვანელების არჩევნები ტარდება წელიწადში ერთხელ ერთსა და იმავე დღეს.

 

 

მუხლი 3. ორგანიზაციის მიზნები

 

3.1. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზანი საქართველოს იმ მოქალაქეების გაერთიანებაა, რომლებიც ავსტრიაში ცხოვრობენ და სწავლობენ.

3.2. გარდა ამისა, ასოციაციის მიზნებში შედის თავისი საქმიანობით ავსტრიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება. მიზნობრივი ჯგუფები ამ შემთხვევაშიც სტუდენტები და/ან მომავალი სტუდენტები არიან.

3.3. ასოციაციის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) ავსტრიულ საზოგადოებაში ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ბ) როგორც ავსტრიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების დახმარება ავსტრიის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში.

გ) ავსტრიაში არსებულ სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

დ) ქართულენოვანი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა და ამ ღონისძიებებით საქართველოს პოპულარიზაცია ავსტრიაში.

 

 

მუხლი 4. ასოციაციის წევრობა

 

4.1. ავსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სტუდენტებისათვის ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია შემდეგი ორი სტატუსით:

ა) სრულუფლებიანი წევრი (ავსტრიაში მცხოვრები სტუდენტი)

ბ) საპატიო წევრი (ავსტრიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სტუდენტი)

4.2.  ასოციაციაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შემოსვლა შეუძლია ავსტრიის ნებისმიერი უნივერსიტეტის/პროფესიული უმაღლესი სკოლის/ეკონომიკური კოლეჯის/სახელოვნებო სასწავლო დაწესებულების მოქმედ სტუდენტს.

4.3. საპატიო წევრობის უფლება აქვს ავსტრიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ასოციაციის საქმიანობით და (საჭიროების შემთხვევაში) თავის საცხოვრებელ რეგიონში ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობითა და/ან მათი ორგანიზებით არის დაინტერესებული.

 

 

მუხლი 5. წევრთა უფლება-მოვალეობები

 

5.1. ასოციაციაში გაწევრიანებით პირი გამოთქვამს ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში თანამონაწილეობისა და ასევე ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში საკუთარი ინიციატივების განხორციელებისათვის მზადყოფნას.

5.2. ასოციაციაში წევრად მიღება ხდება წერილობითი ფორმით: ოფიციალური კითხვარის შევსებით, წინამდებარე წესდების გაცნობის/ხელმოწერისა და ასოციაციის ოფიციალურ ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

5.3. ახალი წევრის მიღების გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი ასოციაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

5.4. ასოციაციაში გაწევრიანებით სრულუფლებიანი წევრი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს ასოციაციის მიერ დადგენილი სემესტრული საწევრო მოსაკრებელი წელიწადში ორჯერ.

5.5. ასოციაციის საპატიო წევრები არ არიან ვალდებულნი გადაიხადონ სემესტრული საწევრო მოსაკრებელი.

5.6. წევრობის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია დროებით ან სამუდამოდ.

5.7. წევრობის სტატუსის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიზეზით:

ა) წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.

ბ) ასოციაციის ხელმძღვანელისა და სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით.

გ) წინასწარ დადგენილ ვადასა და ორჯერ წერილობითი შეხსენების მიუხედავად წევრის მიერ სემესტრული საწევრო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

 

მუხლი 6. ასოციაციის დაფინანსების შესახებ

 

6.1. ასოციაცია ფინანსდება საწევრო გადასახადებითა და შემოწირულობებით.

6.2. საწევრო მოსაკრებელი ასოციაციის სრულუფლებიანი წევრებისთვის შეადგენს 10 ევროს, რომელიც წევრის მიერ წელიწადში ორჯერ უნდა გადაირიცხოს ასოციაციის საბანკო ანგარიშზე.

6.3. ასოციაცია ვალდებულია, ყოველი სემესტრის დასაწყისში წევრებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობოს მიმდინარე გადასახადის შესახებ.

6.4. ასოციაცია უფლებას იტოვებს, საწევრო მოსაკრებლის მითითებულ ვადებში არგადახდის შემთხვევაში წევრს ორჯერ მისცეს გაფრთხილება წერილობით (ელ. ფოსტით).

6.5. ასოციაცია უფლებას იტოვებს, საწევრო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს შეუჩეროს წევრობის სტატუსი და ამის შესახებ მას წერილობით (ელ. ფოსტით) აცნობოს.

6.6. ასოციაციის საბანკო ანგარიშზე შემოსული თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 

 

მუხლი 7. ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზება

 

7.1. ასოციაციის რეორგანიზება ან ლიკვიდაცია შესაძლებელია ხელმძღვანელისა და სამუშაო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

7.2. ასოციაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დასრულდეს ყველა მიმდინარე პროექტი და ასოციაციის ანგარიშზე არსებული თანხა თანაბრად გადანაწილდეს ასოციაციის ყველა სრულუფლებიან წევრზე.

 

 

 

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

 

8.1. წინამდებარე წესდება ძალაშია 2016 წლის 23 იანვრიდან.

8.2. წესდების რომელიმე დებულების შეცვლის/ბათილად ცნობის შემთხვევაში ცვლილება წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე არ აისახება.

bottom of page