Georgian Students' Association in Austria

ალპბახის ევროპული ფორუმის ფონდის სტიპენდია
5.3.2016
ალპბახის ევროპული ფორუმის ფონდი გასცემს სტიპენდიებს 2016 წლის ალპბახის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, მათ შორის ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს.
საჭირო დოკუმენტების სია:
-
სამოტივაციო წერილი / Motivationsschreiben
-
მოკლე ბიოგრაფია / Curriculum Vitae
-
ნიშნების ამონაწერი ან დიპლომი
-
გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნის (B2) დამადასტურებელი ცნობა
სტიპენდია მოიცავს 2016 წლის ალპბახის ფორუმის ფარგლებში (17.08 – 02.09) დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას და შეადგენს 600 ევროს. ღონისძიებების ჩამონათვალი მითითებულია განაცხადში.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი დაფინანსების მიღება სხვა ხარჯების (მაგალითად ღამის გათევა და ა.შ.) დაფარვის მიზნით. ამისათვის დამატებით შესაბამისი განაცხადის შევსებაა საჭირო.
გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის ღირებულება ამ ანაზღაურებად ხარჯებში არ შედის.
საბუთები მიიღება 31 მარტამდე მხოლოდ ფოსტით შემდეგ მისამართზე:
Europäisches Forum Alpbach Stiftung
z.H. Frau Katharina Okulski
Franz-Josefs-Kai 13/10
1010 Wien
შერჩეულ კანდიდატებს ფონდი მაისის მეორე ნახევარში დაუკავშირდება ელ. ფოსტის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სასტიპენდიო ფონდის კოორდინატორს:
katharina.okulski@alpbach.org
Tel.: +43 (1) 718 17 11-19
ალპბახის ფონდის სხვა სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ფონდის ვებგვერდზე.
გისურვებთ წარმატებას!
ავსტრიის ფედერალური კანცელარიის სტიპენდიები 2016 წლისთვის
21.1.2016
ავსტრიის ფედერალური კანცელარია (Bundeskanzleramt Österreich) აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული წინსვლისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად შემდეგ სახელოვნებო დისციპლინებში:
-
სახვითი ხელოვნება
-
არქიტექტურა და დიზაინი
-
ფოტოგრაფია
-
ვიდეო- და მედიახელოვნება
-
მოდა
-
მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება
-
კინოხელოვნება
-
ლიტერატურა
-
კულტურის მენეჯმენტი
2016 წლისათვის ჯამში 95 სტიპენდია გაიცემა. განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობით (ფოსტით) 2016 წლის 31 მარტამდე.
განაცხადის შეტანის წინაპირობები:
-
განაცხადის ავტორი უნდა იყოს ავსტრიის მოქალაქე ან
-
მინიმუმ ბოლო სამი წლის მანძილზე ავსტრიაში მცხოვრები პირი (ასეთ შემთხვევაში განაცხადს ბინადრობის მოწმობა უნდა ერთვოდეს)
-
განაცხადის ავტორს უნდა ჰქონდეს არაუგვიანეს 5 წლის წინ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან
-
დიპლომის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის შეტანის უფლება ეძლევა 35 წლამდე ასაკის პირს (დაბადებულს 1981 წლის 31 დეკემბრის შემდეგ).
-
განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2016 წლისთვის ავსტრიაში მოქმედი სახელმწიფო დაფინანსება ან სხვა სტიპენდია აქვთ მოპოვებული.
განაცხადის შესატანად საჭირო ზოგადი დოკუმენტები:
-
სრულყოფილად შევსებული კითხვარი
-
ავტობიოგრაფია (CV), დაბადების ადგილის, თარიღის, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ
-
სტიპენდიის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემები
თითოეული კატეგორიაში განაცხადის შესატანად დამატებითი დოკუმენტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ფედერალური კანცელარიის ვებგვერდზე.
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა სახელით გისურვებთ წარმატებებს!
რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდია გოერდელერ კოლეგის პროგრამაში მონაწილეობისათვის 2016/2017
11.1.2016
რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდია კარლ ფრიდრიხ გოერდელერ კოლეგის სემინარებში მონაწილეობის მისაღებად საჯარო სექტორში ან ეკონომიკის სფეროში მომუშავე (ბაკალავრის ხარისხის მქონე) მოქალაქეებისათვის შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა.
სემინარები ეძღვნება თემებს საჯარო მმართველობის, ეკონომიკური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობების შესახებ.
სემინარები გათვლილია 2016-2017 წლებზე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
-
სამკვირიანი შეხვედრები ბერლინსა და გერმანიის სხვა ქალაქებში (2016 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე),
-
საკუთარი პროექტის განხორციელების პირველი ფაზა მშობლიურ ქვეყანაში (2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის თებერვლამდე),
-
ხუთდღიანი შუალედური სემინარი (2017 წლის მარტი),
-
საკუთარი პროექტის განხორციელების მეორე ფაზა მშობლიურ ქვეყანაში (2017 წლის მარტიდან აგვისტომდე)
-
სამდღიანი დასკვნითი სემინარი (2017 წლის აგვისტო).
სამუშაო ენა - გერმანული.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 22 თებერვალი 2016.
სემინარებში მონაწილეობის წინაპირობებისა და კანდიდატების შერჩევის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. პროგრამის დაფინანსების შესახებ დეტალები იხილეთ აქ.
გისურვებთ წარმატებებს.
ქართული, როგორც უცხო ენა
10.1.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „ქართული, როგორც უცხო ენა“ უნიკალური ონლაინ-პროექტია ქართული ენის სწავლებისა და შესწავლის მსურველთათვის.
ვებგვერდი გთავაზობთ მრავალფეროვან სასწავლო მასალას ქართული ენის გრამატიკისა და ლექსიკის შესასწავლად, ადაპტირებულ ტექსტებსა და აუდიო მასალებს ქართულ ენაზე, მათ შორის ქართული ასოების მოყვანილობისა და სწორად გამოთქმის ნიმუშებს, ე.წ. კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას, ბროშურებს (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზე) ქართული ანბანისა და ენის განვითარების ისტორიის შესახებ და ა.შ.
ვებგვერდზე ატვირთული მასალა ქართული ენის სწავლების მსურველებსაც გამოადგება. უფასოდ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ მასწავლებლის წიგნი და სხვა დამხმარე ლიტერატურა.
iamstudent - ვებგვერდი სტუდენტებისათვის
9.1.2016
iamstudent არის ონლაინ პლატფორმა ავსტრიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
საიტზე უამრავ საინტერესო ინფორმაციას იპოვნით, მათ შორის განცხადებებს იაფი ბინების, დაბალი ფასების, განსაკუთრებული შემოთავაზებების შესახებ; გარდა ამისა, შეგიძლიათ ფასდაკლებების ბარათებითა და გათამაშებებში მონაწილეობით ისარგებლოთ, რომლებიც მხოლოდ საიტზე დარეგისტრირებული სტუდენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.
დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ე.წ. „სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრის„ (Matrikelnummer) მფლობელს როგორც იმეილის, ისე ფეისბუქის საშუალებით.
ავსტრიის ერთიანი სტუდენტური ასოციაციის (ÖH) ბროშურები
7.1.2016
ავსტრიაში მყოფი ქართველი სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია:
ავსტრიის ერთიანმა სტუდენტურმა კავშირმა (Österreichische Hochschüler_innenschaft) გამოსცა თემატური ბროშურები განახლებული სახით და აქტუალური ინფორმაციით სწავლასთან დაკავშირებულ თემებზე. ბროშურები ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური ფორმით, ისე pdf ფორმატით (უფასოდ). მათი გადმოწერა შეგიძლიათ ორგანიზაციის ვებგვერდიდან.
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია გისურვებთ წარმატებებს სწავლაში!
დასაქმების ფორუმი ფრანკფურტში
4.1.2016
სასიამოვნო სიახლე ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც საქართველოში დაბრუნებისა და დასაქმების სურვილი აქვთ:
საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) ქართველ მიგრანტებს იწვევს დასაქმების ფორუმზე ფრანკფურტში.
თარიღი: 12.03.2016
დრო: 10:00 – 16:00
ადგილი: Mainhaus Stadthotel, Frankfurt am Main
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15.01.2016
ფორუმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეავსეთ რეგისტრაციის ფურცელი და გააგზავნეთ ელ.ფოსტის მითითებულ მისამართზე.
საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის სახელით გისურვებთ წარმატებებს!
◄
1 / 1
►