Georgian Students' Association in Austria

სტუდენტური საცხოვრებლები
სწავლასთან დაკავშირებული საკითხებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დროულად მოსაგვარებელი საცხოვრებელი ბინის საკითხია. ავსტრიაში ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, არსებობს სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, რომლებშიც საცხოვრებელი ოთახის დაჯავშნა დროულად (სემესტრის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე) არის სასურველი. ასეთი სტუდენტური საცხოვრებლების შესახებ ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული უნივესიტეტის ვებგვერდზე შეგიძლიათ მიიღოთ, ან ამ მონაცემთა ბაზაში: სტუდენტური საცხოვრებლები ავსტრიაში.
სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი ოთახის მისაღებად განაცხადის შეტანისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა სხვა საბუთებთან ერთად დაგჭირდეთ მშობლების დასაქმების/ან უმუშევრობის დამადასტურებელი საბუთი. ეს საბუთი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებისთვისაა საჭირო და საბუთის მიხედვით თქვენი მშობლების შემოსავალი თქვენთვის ოთახის მოცემა-არმოცემაზე ზეგავლენას არ ახდენს.
სტუდენტურ საცხოვრებელში გადასვლამდე გადასახდელი გექნებათ როგორც საბუთების დამუშავების ერთჯერადი გადასახადი, ისე გირაო ოთახისთვის (Kaution) და გირაო გასაღებისთვის.
გარდა სტუდენტური საცხოვრებლისა საკმაოდ პოპულარულია თანაცხოვრების ის ტიპი, რომელსაც ე.წ. Wohngemeinschaft (შემოკლებით WG) ჰქვია და რომელიც გულისხმობს რამდენიმე ადამიანის ერთ ბინაში ცხოვრებას ისე, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ოთახი გააჩნია და სამზარეულო, აბაზანა, აივანი და ა.შ. საერთო მოხმარებისთვისაა. ასეთ WG ტიპის საცხოვრებელ ბინაში თავისუფალი ოთახების შესახებ განცხადებებისთვის არაერთი ვებგვერდია შექმნილი, რომლებზეც გასაქირავებელი ოთახის ფართის, ადგილმდებარეობის, ავეჯის, თანამაცხოვრებლების რაოდენობის და ა.შ. შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.
მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გაითვალისწინეთ, რომ როგორც სტუდენტურ საცხოვრებელში, ისე WG-ში საცხოვრებლად გადასვლამდე ერთჯერადად მოგიწევთ გირაოს (Kaution) გადახდა. ეს თანხა ერთგვარი გარანტიაა გამქირავებლისთვის თქვენი იმ კონკრეტულ ბინაში/სახლში ცხოვრების ბოლომდე. თუკი თქვენი იქ ცხოვრების პერიოდში ბინაში რაიმე თქვენი მიზეზით დაზიანდა, გამქირავებელი უფლებას იტოვებს, თქვენი გადახდილი გირაოდან გამოიყენოს თანხა მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. სხვა შემთხვევაში ბინიდან გადასვლისას ეს თანხა ხელუხლებლად გიბრუნდებათ უკან. გირაო, როგორც წესი, შეადგენს თვიური ქირის სამმაგ ოდენობას.
ბინაში გადასვლამდე, რა თქმა უნდა, საჭიროა ქირავნობის ხელშეკრულების (Mietvertrag) გაფორმება გამქირავებელთან. ასეთი ხელშეკრულების ნიმუში ან გამქირავებელს აქვს, ან თქვენ თავად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ, ხელის მოწერამდე დეტალურად გაეცნოთ თქვენი, როგორც დამქირავებლის უფლება-მოვალეობებს იმისათვის, რომ მოგვიანებით გაუგებრობები აიცილოთ თავიდან. ეს გაუგებრობები შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად, ბინაში თქვენ გადასვლამდე არსებული ტექნიკის, ავეჯის, ელექტროგაყვანილობის და ა.შ. მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურებასთან.
ახალ საცხოვრებელში გადასვლიდან არაუგვიანეს სამ დღეში განაცხადი უნდა შეიტანოთ ბინადრობაზე თქვენი საცხოვრებელი ქალაქისა და უბნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში (Meldeamt). ბინადრობის მოწმობა, Meldezettel, გაიცემა განაცხადის შეტანის დღესვე და ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი პასპორტის ასლი და შევსებული და ხელმოწერილი კითხვარი. კითხვარზე საჭიროა როგორც თქვენი, ისე სახლის\ბინის\ოთახის გამქირავებლის ხელმოწერა. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მითითებულ ლინკზე ასეთი კითხვარის მხოლოდ ერთი ნიმუშია მოცემული და განსხვავებულ რეგიონსა თუ ქალაქში შესაძლოა განსხვავებული ფორმატის კითხვარი იყოს შესავსები.