Georgian Students' Association in Austria

სწავლის დასაწყებად საჭიროა თუ არა გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/დიპლომი?
უნივერსიტეტების უმრავლესობა სწავლის დასაწყებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ითხოვს გერმანული ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე დასაშვებად, აუცილებელია გერმანული ენის, A2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთ დროს, უნივერსიტეტში დაიშვებით ე.წ. "არასრული სტუდენტის" სტატუსით (außerordentliche Studierende) და პირველი რამდენიმე სემესტრის მანძილზე გერმანული ენის კურსებს გაივლით გამოცდის ჩასაბარებლად და გერმანული ენის ცოდნის დასადასტურებლად. რის შემდეგაც სრული სტუდენტის სტატუსით გააგრძელებთ სწავლას თქვენ მიერ არჩეულ სპეციალობაზე.
არსებობს ჩამონათვალი, თუ რომელი სასწავლებლებისა და მოსამზადებელი ცენტრების მიერ გაცემულ სერთიფიკატებს აღიარებენ უნივერსიტეტები. მათგან ორის აღება საქართველოშიც შეგიძლიათ, ესენია ÖSD და Goethe Zertifikat. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სია შესაძლოა სხვადასხვა უნივერსიტეტის ვებგვერდზე მეტნაკლები ცვლილებებით იყოს წარმოდგენილი:
-
ÖSD C1, Österreichisches SprachDiplom - ეს არის გერმანული ენის გამოცდა, რომელიც შედგება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, მოსმენა, წერა და საუბარი. გამოცდა გრძელდება დაახლოებით 3,5-4 საათის განმავლობაში და იგი ჩაბარებულად ჩაგეთვლებათ, თუ მის ოთხივე ნაწილში მაქსიმალური ქულის 30% დააგროვებთ ოთხივე ნაწილში და ასევე ოთხივე ნაწილის ჯამში. გამოცდის ღირებულება 115 ევროდან 130 ევრომდე მერყეობს. გამოცდისთვის საჭირო ლიტერატურის ინტერნეტსა და ბიბლიოთეკებში მოძიება შესაძლებელია. გამოცდისთვის მოსამზადებლად გადახედეთ ტესტების ნიმუშებს.
-
გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატი C1
-
როგორც ვენის უნივერსიტეტის, ისე ნებისმიერი ავსტრიული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი C1
-
DSH , გერმანული ენის სერთიფიკატი
-
TestDaf C1, გერმანულის, როგორც უცხო ენის სერთიფიკატი (გამოცდის ოთხივე ნაწილში მინიმუმ ნიშანი 4 უნდა გქონდეთ მიღებული)
-
ÖIF C1, ავსტრიული ინტეგრაციის ფონდის მიერ გაცემული სერთიფიკატი.
აუცილებელი მოთხოვნა: სიაში ჩამოთვლილი ნებისმიერი სერთიფიკატი არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი ხნის.
გარდა ამისა, მართალია ოფიციალურ ჩამონათვალში ეს დიპლომები მითითებული არ არის, მაგრამ თუ თქვენ ფლობთ გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაცემულ KDS (Kleines Deutsches Sprachsidlom) ან GDS (Großes Deutsches Sprachdiplom) დიპლომს, მიუხედავად მისი გაცემის თარიღისა, თქვენი გერმანული ენის ცოდნის დონე უპირობოდ იქნება აღიარებული.