Georgian Students' Association in Austria

გარდა უნივერსიტეტისა და პროფესიული უმაღლესი სკოლისა სწავლის სხვა რომელი შესაძლებლობები არსებობს?
უნივერსიტეტებისა და პროფესიული უმაღლესი სკოლების (FH) გარდა ქართველ ახალგაზრდებს საშუალება და უფლება აქვთ სწავლა დაიწყონ კოლეჯის ტიპის სასწავლებლებსა (Kolleg) და ვაჭრობის აკადემიებში (HAK), რომლებშიც სასკოლო საგნების პარალელურად დამატებით საგნები ისწავლება ეკონომიკის, სოციოლოგიისა და ბიზნესის სფეროდან.
ასეთი სასწავლებლები იდეალური შესაძლებლობაა Au-pair პროგრამით ჩამოსული ახალგაზრდებისთვისაც, გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და ზოგადად ავსტრიის განათლების სისტემის უკეთ გასაცნობად. მით უმეტეს, რომ კოლეჯში დღის და საღამოს სექტორი არსებობს და სწავლა სემესტრში დაახლოებით 30 ევრო ღირს. გარდა ამისა, ასეთი სკოლები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ავსტრიაში დარჩენა და სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში სურთ. როგორც Kolleg-ის ისე HAK-ის საბუთებით შესაძლებელია ავსტრიაში მოსწავლის სტატუსით ვიზის გაგრძელება. გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის ვიზის ყოველ მომდევნო ჯერზე გასაგრძელებლად განვლილ სემესტრში/სემესტრებში არჩეული ყველა საგნის პოზიტიურად ჩაბარების დოკუმენტი დაგჭირდებათ.
ავსტრიაში არსებული სკოლების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: სავაჭრო სკოლები ავსტრიაში.
სავაჭრო სკოლებში ჩაბარების წინაპირობა საშუალო განათლების ატესტატი, ნამდვილობის ცნობა და ნიშნების ფურცელია. არაგერმანულენოვანი ქვეყნების მოქალაქეებს დამატებით მოეთხოვებათ გერმანული ენის B 1 ან B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა. გამონაკლის შემთხვევებში ასეთი ცნობის გარეშე სწავლის დაწყება და/ან სწავლის დაწყებამდე გერმანული ენის გამოცდის ამავე სკოლაში ჩაბარება შესაძლებელია. გირჩევთ, საბუთების გაგზავნამდე პირადად მიხვიდეთ არჩეულ სკოლაში და საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნოთ.
გაითვალისწინეთ ის, რომ კოლეჯში ჩაბარების დროს უკვე უნდა ფლობდეთ ავსტრიაში ცხოვრების ნებართვას, ანუ, კოლეჯში საქართველოდან ჩაბარება არ ხდება.
ავსტრიაში სწავლის/განათლების მიღების საშუალებები არ შემოიფარგლება მხოლოდ აქ წარმოდგენილი მაგალითებით. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ მაგალითად ხელოსნობის, დიზაინის, ფოტოგრაფიის და სხვა მიმართულებების სპეციალიზებული სკოლების შესახებ.