Georgian Students' Association in Austria

სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა ამბები (შეღავათები, სამგზავრო ბილეთები და ა.შ.)
ავსტრიაში სტუდენტური შეღავათებით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა დაწესებულებასა და თითქმის ყველა სფეროში.
შეღავათით სარგებლობის წინაპირობა სტუდენტის ასაკი და სტუდბილეთის ქონაა. შეღავათების უმეტესობა ვრცელდება 24 ან 27 წლამდე ასაკის სტუდენტებზე.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს იმისას, თუ სად და როგორ შეგიძლიათ შეღავათით სარგებლობა ავსტრიაში სტუდენტობის პერიოდში (გაითვალისწინეთ ასაკობრივი ზღვარი):
-
შეღავათებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ ავსტრიის ყველა კულტურულ დაწესებულებაში, მათ შორის მუზეუმებში, კინოს სახლებში, თეატრებში. შეღავათები შეეხება არა მხოლოდ ერთჯერად ბილეთებს, არამედ აბონემენტებსაც. მაგალითად: გრაცის ხელოვნების სახლში (Kunsthaus Graz) ერთჯერადი ბილეთი 9 ევრო ღირს, 27 წლის ასაკამდე სტუდენტებისთვის კი - მხოლოდ 3 ევრო. ვენის მთავარ თეატრში (Burgtheater) ყველა წარმოდგენაზე ბილეთების გარკვეული რაოდენობაა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი; როგორც წინასწარ, ისე წარმოდგენის დაწყების დღეს 27 წლამდე სტუდენტებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ მხოლოდ 10 ევროდ.
-
სტუდენტებს შეღავათით და ზოგიერთ შემთხვევაში უფასო სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო ანგარიშის გახსნისას. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით, ისე არჩეული ბანკის ოფისში მისვლით.
-
შეღავათიანი/ხელმისაწვდომი ფასებით სარგებლობენ სტუდენტები უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზებსა და კლუბებში. ასეთ კლუბებს უამრავი შემოთავაზება აქვთ სპორტული აქტივობისთვის როგორც სემესტრული კურსების ისე ერთჯერადი ღონისძიებების სახით. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ გრაცის უნივერსიტეტის სპორტული კლუბების ვებგვერდი.
-
ავსტრიაში თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს Microsoft Office 365 ProPlus-ით უფასოდ სარგებლობის უფლება აქვთ. უნივერსიტეტი ამის შესახებ იმეილის საშუალებით ატყობინებს სტუდენტს და სერვისით სარგებლობისთვის დასარეგისტრირებლად შესაბამის ლინკს უგზავნის (დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ აქტუალური სტუდენტური ელ. ფოსტის მისამართით).
-
ავსტრიის სატრანსპორტო კომპანიის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს (არა მხოლოდ სტუდენტებს). შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისთვის აუცილებელია ერთწლიანი ბარათის, VorteilsCARD Jugend, შეძენა 19 ევროს ფასად. ყოველ მომდევნო ჯერზე მატარებლით მგზავრობისთვის ბილეთის შეძენისას ბარათის მფლობელს 25%, 45% ან 50% ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია (ფასი დამოკიდებულია მგზავრობის მარშრუტსა და ბილეთის შეძენის ადგილზე). VorteilsCARD Jugend შეღავათების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ავსტრიის რკინიგზის ვებგვერდზე.
-
ვენაში მცხოვრებ 26 წლამდე ასაკის სტუდენტებს სემესტრული სამგზავრო ბილეთის ყიდვა 75 ევროდ შეუძლიათ; ანუ წელიწადში მგზავრობისთვის დაახლოებით 150 ევროს გადახდა მოუწევთ, მაშინ, როცა წლიური სამგზავრო ბილეთის ფასი ყოველგვარი შეღავათის გარეშე 365 ევროს შეადგენს. (სტუდენტის სამგზავრო ბილეთი გაიცემა მხოლოდ 5 თვის ვადით. ივლისი-აგვისტოს თვეებში სხვა შეღავათიანი ბილეთის ყიდვაა შესაძლებელი). დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვენის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.
-
გრაცში საჯარო ტრანსპორტით მგზავრობისთვის 26 წლამდე ასაკის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 4-, 5- ან 6-თვიან სამგზავრო ბარათებზე დაახლოებით 40% ფასდაკლებით. მაგალითად 6-თვიანი სამგზავრო ბარათის მიღება 128,6 ევროდ არის შესაძლებელი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გრაცის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ამ ჩამონათვალში მხოლოდ ცალკეული მაგალითები დავასახელეთ. სინამდვილეში სტუდენტური შეღავათების ტიპები და რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია.