Georgian Students' Association in Austria

რა დრო და თანხა სჭირდება საბუთების მოწესრიგებას საქართველოში?
დიპლომის ან ატესტატის ნამდვილობის დადასტურება (ე.წ. Studienplatznachweis) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხდება და პროცესს დაახლოებით 2 კვირამდე დრო სჭირდება. საბუთის მოთხოვნაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ისე ფოსტის საშუალებით. დოკუმენტის ასაღებად საჭიროა დოკუმენტის უშუალო მფლობელის ან მისი ნდობით აღჭურვილი (მინდობილობის მქონე)პირის ადგილზე მისვლა. დოკუმენტის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი და ასევე ამ პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
ნამდვილობის დასტურის, ისევე როგორც ატესტატის/ნიშნების ფურცლის ან უნივერსიტეტის დიპლომის აპოსტილით დამოწმება ამავე ცენტრში არის შესაძლებელი. აპოსტილით დამოწმების პროცედურას დაახლოებით 20 სამუშაო დღე სჭირდება. აპოსტილირებული დოკუმენტის თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას - დაახლოებით 5-7 სამუშაო დღე. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ცენტრში მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილირება ხდება. სხვა ტიპის დოკუმენტის (მაგალითად დაბადების მოწმობის) აპოსტილით დასამოწმებლად უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას.
გირჩევთ, ავსტრიაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლისთვის განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტების სავალდებულო ფორმით დამზადებისთვის, თარგმნისა და დამოწმებისთვის საშუალოდ 2 თვე ივარაუდოთ.