Georgian Students' Association in Austria

ჯანმრთელობის დაზღვევა სტუდენტებისთვის
ავსტრიაში ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა ყველასთვის, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვისაც. არსებობს სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო კომპანიები. სავიზო განყოფილებაში სტუდენტის სტატუსით ვიზის გასაგრძელებლად შესაძლოა აუცილებელ პირობად დაგისახელონ სახელმწიფო დაზღვევის ქონა. ამიტომ, გირჩევთ, ე.წ. სტუდენტური დაზღვევა პირდაპირ სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში გახსნათ; მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევაში ნაკლები ფინანსური დანახარჯი გექნებათ ექიმთან ვიზიტის დროს.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში რეგისტრაციას გაივლით, , უნდა მიაკითხოთ Gebietskrankenkasse-ს (სახელმწიფო სადაზღვევო ორგანიზაცია, შემოკლებით ÖGK) თქვენ საცხოვრებელ რეგიონში/ქალაქში და გააფორმოთ სტუდენტური დაზღვევა. ვენის GKK გთავაზობთ ონლაინ მომსახურების სერვისსაც, რომლის საშუალებითაც დაზღვევის გაფორმება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.
თუ სხვა რომელიმე ქალაქის ან რეგიონის ÖGK-ში გიწევთ დაზღვევის გაფორმება, თან უნდა იქონიოთ ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევის მისაღებად:
-
ცნობა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, Inskriptionsbestätigung
-
Studienbuchblatt
-
პასპორტი
-
ბინადრობის ცნობა, Meldezettel
ჩამოთვლილი საბუთების მხოლოდ ქსეროასლები დაგჭირდებათ. თუმცა გირჩევთ, თავის დაზღვევის მიზნით, ორიგინალი დოკუმენტებიც თან იქონიოთ. დაზღვევით სარგებლობის უფლება განაცხადის შეტანის დღიდან გეძლევათ. დაზღვევის პლასტიკურ ბარათს დაახლოებით 10 დღის ვადაში მიიღებთ ფოსტით.
ÖGK-ში სტუდენტური დაზღვევა 2015 წლის მონაცემებით თვიურად 67 ევრო ღირს.