Georgian Students' Association in Austria

აქვს თუ არა ავსტრიაში დევნილის სტატუსით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს სტუდენტობის უფლება?
დევნილის სტატუსისა და ამავე სტატუსის მოლოდინში მყოფ პირებს სწავლის დაწყების მიზნით უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის სრული უფლება აქვთ. 2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან ავსტრიის ყველა უნივერსიტეტი ჩართულია პროექტში MORE, რომელიც ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურას ლექციებზე დასასწრებად დევნილებისა და დევნილობის სტატუსის მოლოდინში მყოფი პირებისთვის. მაგალითისთვის გთავაზობთ ვენის უნივერსიტეტის მიერ ამ მიმართულებით მოქმედი პროცედურის მოკლე აღწერა:
სწავლის დაწყებისთვის განაცხადის შესატანად ესეთი სტატუსის მქონე პირი უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და შეავსოს კითხვარი. დარეგისტრირების შემდეგ საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთების დასკანერებული ფორმით გადაგზავნა უნივერსიტეტის შესაბამისი განყოფილების ელექტრონული ფოსტის მისამართზე - საბაკალავრო პროგრამაზე განაცხადის შეტანისას bachelor.zulassung(at)univie.ac.at, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე შეტანისას - master.zulassung(at)univie.ac.at. საბუთების გადახედვის შემდეგ პირს აცნობებენ, შეუძლია თუ არა მას სწავლის დაწყება არჩეულ სპეციალობასა და საფეხურზე. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითია, პირს მოეთხოვება დასკანერებული დოკუმენტების ორიგინალების ან მათი (დამოწმებული) თარგმანების მიტანა.
განაცხადის შესატანად, დევნილის სტატუსის დამადასტურებელ საბუთთან ერთად, საჭიროა სრული საშუალო განათლების ატესტატი ნიშნების ფურცლით, ან დიპლომი (ასეთის ქონის შემთხვევაში) ნიშნების ფურცლით. განმცხადებელს არ მოეთხოვება ნამდვილობის დასტურის, ე.წ. Studienplatznachweis, წარდგენა. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ განმცხადებელს ატესტატი ადგილზე არ აქვს, მაგრამ ის წარსულში ერთხელ უკვე აღებული აქვს (ანუ თუ მას საქართველოში ერთხელ უკვე მიღებული აქვს ატესტატი, მაგრამ ეს დოკუმენტი დაკარგა), მას ე.წ. "დოკუმენტის შემცვლელი საბუთი" (Ersatznachweis) ავსტრიის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალური სამინისტროს დახმარებით შეუძლია აიღოს.
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში პირს უფლება აქვს უნივერსიტეტის ენების ცენტრში გერმანული ენის კურსის გავლისა და კურსის ბოლოს გამოცდის ჩაბარებისა. რაც მთავარია, როგორც ენი კურსის, ისე გამოცდის საფასურის გადასახდელად უნივერსიტეტში არსებობს სტიპენდიები სპეციალურად დევნილთა ან მათთან გათანაბრებულ პირთათვის. სტიპენდია გულისხმობს თანხის სრულად დაფარვას. სტიპენდიაზე განაცხადი დროულად უნდა იქნას შეტანილი და განაცხადს თან უნდა დაერთოს სტიპენდიის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელშიც უნდა ჩანდეს, რომ:
-
განაცხადის ავტორს აქვს დევნილობის სტატუსი ავსტრიაში ან არის ამ სტატუსის მოლოდინში მყოფი
-
განაცხადი დევნილობის სტატუსის მისაღებად ავსტრიაში გაკეთებულია 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ
-
განმცხადებელს უნივერსიტეტისგან მიღებული აქვს დასტური (Zulassung), რომელშიც მითითებულია, რომ მისი ე.წ. სრულ სტუდენტად დაშვების მთავარი წინაპირობა გერმანული ენის ცოდნის დადასტურებაა
სასტიპენდიო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შევსებული და ხელმოწერილი კითხვარი და მოკლე ავტობიოგრაფია (CV). გაითვალისწინეთ რომ სტიპენდიისთვის განაცხადის შესატანად კონკრეტული ვადები არსებობს.
დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტები გათავისუფლებულნი არიან სემესტრული გადასახადისგან ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში 4 წლით, ხოლო მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში - 3 წლით. ამ პერიოდში მათ მხოლოდ საერთო სტუდენტური კავშირის (ÖH) სემესტრული მოსაკრებლის, 20 ევროს გადახდა უწევთ.