Georgian Students' Association in Austria

ავსტრიის რომელ ქალაქსა და სასწავლებელში აპირებთ სწავლას?
ცნობილია, რომ ვენა, გრაცი და ზალცბურგი ავსტრიის ის სამი ქალაქია, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების რიცხობრივი უპირატესობით გამოირჩევიან. თუმცა შესაძლოა თქვენთვის სასურველი მიმართულება მაგალითად მხოლოდ ინსბრუკის ან ბრეგენცის უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეთ. ამიტომ, გირჩევთ, ნუ შეიზღუდებით მხოლოდ დიდ ან შედარებით დიდ ქალაქებში ძიებით, რადგან შესაძლოა პატარა ქალაქში არსებული რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამის თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობას გთავაზობდეთ.
ავსტრიაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: უმაღლესი სასწავლებლები ავსტრიაში.
სასწავლებლის ამორჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ავსტრიაში (ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში) უნივერსიტეტების გარდა არსებობს ე.წ. პროფესიული უმაღლესი სკოლები - Fachhochschule - რომლებიც მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობენ. საუნივერსიტეტო სისტემისგან განსხვავებით ასეთ პროფესიულ სკოლაში სწავლება ძირითადად პრაქტიკაზეა ორიენტირებული. ამიტომ გირჩევთ, არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინოთ თქვენი სამომავლო გეგმები - თუ სამეცნიერო სფეროში გსურთ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება, საუნივერსიტეტო განათლებას ამ მხრივ ალტერნატივა არ აქვს; მაგრამ თუ თქვენთვის თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია, გირჩევთ, უმაღლესი პროფესიული სკოლების კურიკულუმებსაც გაეცნოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთ სკოლებში (განსხვავებით უნივერსიტეტებისგან) თითქმის ყველა სპეციალობაზე მისაღები გამოცდებია ჩასაბარებელი და ადგილების რაოდენობაც შეზღუდულია.
ავსტრიაში არსებული უმაღლესი პროფესიული სკოლების ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: უმაღლესი პროფესიული სკოლები ავსტრიაში