Georgian Students' Association in Austria

ავსტრიაში არსებული სასწავლო სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ
ავსტრიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიის, კვლევითი სტიპენდიისა და გრანტის მიღების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. სასწავლო სტიპენდიის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ე.წ. Studienbeihilfe, მხოლოდ ავსტრიის მოქალაქე სტუდენტებზე ან მათთან გათანაბრებულ პირებზე გაიცემა, მათი სოციალური მდგომარეობისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით (დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე).
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები არიან, სასტიპენდიო ორგანიზაციების ბაზებში კონკრეტული მონაცემების მითითებით (მოქალაქეობრივი კუთვნილება, სწავლების მიმართულება და საფეხური და ა.შ.) ოპტიმალური სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა არის შესაძლებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმალური სტიპენდიის პოვნა, მიუხედავად დიდი არჩევანისა, არც ისე ადვილია, რადგან სტიპენდიის მისაღებად განაცხადის ავტორი ერთდროულად რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს, რომელთაგან თუნდაც მხოლოდ ერთის შეუსაბამობის შემთხვევაში დაფინანსებაზე (დიდი ალბათობით) შესაძლოა უარი მიიღოს. მართალია მონაცემთა ესეთ ბაზებში სხვადასხვა სტიპენდიის შესახებ ერთიანი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ, მაგრამ გირჩევთ, აქტუალური ინფორმაციის მისაღებად პერიოდულად თქვენ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე არსებულ შიდასაუნივერსიტეტო სტიპენდიებსაც გადახედოთ.
სტიპენდიებისა და კვლევითი გრანტების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, სასტიპენდიო ორგანიზაციებისა და ასევე ყველა უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე არის მოცემული.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
-
სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის ყველაზე ვრცელი მონაცემთა ბაზა.
-
ავსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და მობილობის ცენტრის სტიპენდიების ჩამონათვალი.
-
ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის კვლევითი სტიპენდიები
-
ვენის მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების უნივერსიტეტში არსებული სასწავლო სტიპენდიების ჩამონათვალი.
-
ზალცბურგის უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო სტიპენდიების ჩამონათვალი.
-
ზალცბურგის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტიპენდია განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტიროლისა და ზალცბურგის მიწებზე არსებულ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობენ.
-
გრაცის ხელოვნების უნივერსიტეტში არსებული სტიპენდიების ჩამონათვალი.
ყველა სტიპენდიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ქართულ ენაზე ამ დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ; იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, რა წინაპირობები შეიძლება არსებობდეს სტიპენდიის მისაღებად, გთავაზობთ ერთ მაგალითს:
ერნსტ მახის სახელობის სტიპენდია (Ernst Mach-Stipendium) ავსტრიის უმაღლეს პროფესიულ სკოლაში (Fachhochschule) სასწავლებლად გაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებზე სწავლისათვის 4-დან 10 თვემდე ვადით:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ტექნიკის მეცნიერებები
მედიცინა და ჯანდაცვა
აგრარული მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები
სტიპენდიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის საფეხურის მინიმუმ 4 სემესტრი.
-
ან უნდა იყოს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო კურსის სტუდენტი
-
მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
-
განაცხადის შეტანის პერიოდში უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ავსტრიის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით ნამყოფი.
-
უნდა ფლობდეს სწავლების ენის (გერმანული ან ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელ მოწმობას.
სტიპენდია გაიცემა მაქსიმუმ 10 თვიანი სასწავლო მიზნით და მოიცავს 940 ევროს თვეში. სტიპენდიანტი განთავისუფლებულია სემესტრული გადასახადისგან.
განაცხადის შეტანა მხოლოდ ელექტრონული ფორმით არის შესაძლებელი. სანამ განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებისათვის აუცილებელია რომ განაცხადს დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია (დასკანერებული ფორმით):
-
მიღების წერილობითი დასტური ავსტრიის უმაღლესი პროფესიული სკოლიდან (სკოლების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე)
-
წერილობითი დასტური თქვენი მშობლიური უნივერსიტეტიდან იმის შესახებ, რომ ავსტრიის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ჩაბარებულ საგნებს აგიღიარებენ.
-
თქვენი ორი პროფესორის ან ლექტორის მიერ თქვენ სახელზე დაწერილი დახასიათება (დახასიათების ნიმუში)
-
პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ქსეროასლი
-
თქვენი ნიშნების ფურცლელი, ან დიპლომის ასლი
ქართულ ენაზე შედგენილი საბუთების გერმანულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნაა საჭირო.
დაწვრილებითი ინფორმაცია გერმანულ ენაზე ერნსტ მახის სახელობის ამ სტიპენდიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, კვლევითი სტიპენდიის ან დაფინანსების მოპოვება დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში სხვა საშუალებებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად ავსტრიის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საზოგადოების (FFG) სტიპენდიები შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც დოქტორანტურაზე სწავლის პერიოდში მკვლევრებს საშუალება ეძლევათ გაცვლითი სემესტრის პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ სხვა ქვეყანაში, ხარჯები კი თავად უნივერსიტეტმა აანაზღაუროს. ასეთი კვლევითი სტიპენდიებისა და სხვა ფინანსური წახალისების შესაძლებლობებს შეგიძლიათ გაეცნოთ, მაგალითად, ვენის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
დაფინანსების კიდევ ერთი წყარო (სწავლისა და კვლევის სფეროს მიხედვით) პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური დაწესებულებების მიერ გამოცხადებული კონკურსებია. მაგალითად, შეგიძლიათ გადახედოთ კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ორგანიზაციის Pro Scientia ვებგვერდს.