top of page

სტუდენტური ვიზა

 საქართველოში მცხოვრებთათვის ავსტრიის სტუდენტური ვიზის აღების ორი გზა არსებობს, ვეცდებით ორივეზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ერთი გზა გახლავთ ის, რომ ავსტრიის ვიზისთვის განაცხადი შეიტანოთ აქოში, ავსტრიის საელჩოში, რადგან საქართველოში არსებულ საელჩოს არ აქვს საკონსულო მომსახურეობის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში განაცხადის შეტანამდე აუცილებელია ტელეფონით დაუკავშირდეთ საელჩოს და თქვენ მიერ საბუთების ჩაბარებისა და გასაუბრებაზე შესვლის დრო და თარიღი შეათანხმოთ. ბაქოში აღებული პირველადი ვიზა 6 თვიანია, ვიზის გადაგრძელება ავსტრიაში ჩამოსვლის შემდეგ მარტივად შეგიძლიათ.​

რაც შეეხება ვიზის მიღების მეორე გზას, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველომ ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ამ გზას მიმართავს სტუდენტების უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტისგან იღებთ დასტურს, ვიზის გარეშე ჩემოდიხართ ავსტრიაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში და აქ შეგაქვთ განაცხადი, ცენტრალურ მაგისტრატში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რადგან თქვენ უნივერსიტეტისგან მოწვევა (Zulassung) გაქვთ, აღარ არის აუცილებელი საქართველოს დატოვებისას მესაზღვრეს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც წარუდგინოთ, როგორც ამას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში მოგზაურებს სთხოვენ. 

ავსტრიაში ჩამოსვლისთანავე რეკომენდირებულია დროულად მიხვიდეთ უნივერსიტეტში, გაიაროთ რეგისტრაცია და გადაიხადოთ თანხა, რადგან მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ გაძლევთ უნივერსიტეტი საბუთს Inskriptionsbestätigung-ს, რომელიც აუცილებელია ვიზის გაგრძელებისთვის და ასევე, დროულად იზრუნოთ გახსნათ ანგარიში ბანკში და გააკეთოთ ჯანმრთელობის დაზღვევა. ორივე მათგანისთვის დაგჭირდებათ აღნიშნული Inskriptionsbestätigung და ასევე საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია ავსტრიაში. 

გაითვალისწინეთ ის, რომ მაგისტრატს უფლება აქვს მოგთხოვოთ დამატებითი საბუთები, რომელიც ჩამონათვალში არ წერია. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმში ხართ ჩამოსული და იმ შემთხვევაში, თუ ვიზაზე პასუხი სამ თვეში არ მოგივიდათ, მოგიწევთ ქვეყნის დატოვება და პასუხის საქართველოში დალოდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგისტრატი უფლებას იტოვებს 3 თვე გალოდინოთ, სანამ ვიზის პასუხი მოგივათ, ეცადეთ საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ დრო არ დაკარგოთ და საბუთები დროულად შეიტანოთ.

ზუსტი ჩამონათვალი საბუთებისა მაგისტრატის გვერდზე, შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე:​

 https://www.wien.gv.at/amtshelfer/dokumente/aufenthalt/aufenthaltsbewilligung/bescheinigungen/studierender.html

რაც შეეხება იმას, თუ რომელი გზა სჯობს ამ ორიდან, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გირჩევნიათ, მაგრამ, ბოლო დროს, ბაქოში არსებული ავსტრიის საელჩო რეკომენდაციას იძლევა, რომ ვენაში ჩამოხვიდეთ და განაცხადი იქ შეიტანოთ. 

 

იმისთვის, რომ ვიზაზე განაცხადი შეიტანოთ, მაგალითად, ვენაში, გჭირდებათ ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა, MA 35-ში. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე კვირით ადრე დაიჭიროთ თადარიგი, რადგან, ხშირად, შევსებულია ვიზიტის ადგილები. ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ ამ ლინკის საშუალებით. 

 სხვა ქალაქებში კი ინდივიდუალურად წყვეტენ მაგისტრატები, რა ფორმით უნდა დარეგისტრირდეთ ვიზაზე განაცხადის შეტანისთვის.

გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს მოქალაქემ ავსტრიაში სტუდენტის სტატუსით დარჩენის მიზნით ავსტრიის ნებისმიერ სავიზო განყოფილებაში უნდა წარადგინოს:

  1. შევსებული და ხელმოწერილი კითხვარი. (კითხვარი ხელმისაწვდომია ბეჭდური სახით ნებისმიერ სავიზო განყოფილებაში და ასევე ელექტრონული ფორმით. 

  2. პასპორტი

  3. დაბადების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)

  4. 1 ბიომეტრიული ფოტოსურათი, არაუძველეს 6 თვისა

  5. ცნობა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, ე.წ. Zulassung/Zulassungbescheid ასევე Inskriptionsbestätigung

  6. ნასამართლეობის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)

  7. ბინადრობის მოწმობა ე.წ. Meldezettel და Mietvertrag, ან Wohnrechtsvereinbarung

  8. სამედიცინო დაზღვევის ცნობა

  9. თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერი. ანგარიშზე სავალდებულოა გქონდეთ დაახლოებით 6500 ევრო (24 წლამდე) ან დაახლოებით 13000 ევრო (24 წელს ზემოთ). საბანკო ანგარიშის ამონაწერის ალტერნატივა მეურვეობის ცნობაა, ე.წ. Haftungserklärung, რომელიც ავსტრიის მოქალაქის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების სხვა ალტერნატივებია: სტიპენდია, ფასიანი ქაღალდების მფლობელობა, ცნობა სამშობლოდან დაფინანსების შესახებ შესაბამისი გადარიცხვების ამონაწერით და სხვა. 

 

გაითვალისწინეთ, რომ სავიზო განყოფილება ან კონკრეტული თანამშრომელი საჭიროების შემთხვევაში უფლებას იტოვებს აქ ჩამოთვლილ სავალდებულო საბუთებთან ერთად მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაცია. განაცხადის შეტანისას სავალდებულოა გადაიხადოთ მომსახურების გადასახადი 134 ევროს.

საბუთების დამუშავებას სჭირდება დაახლოებით, მინიმუმ 2-3 კვირა და მაქსიმუმ 3 თვე. სტუდენტური ვიზა გაიცემა მხოლოდ ერთი წლის ვადით და ყოველ მომდევნო ჯერზე ვიზის გასაგრძელებლად დაგჭირდებათ წლის მანძილზე გავლილი ორი სემესტრის ნიშნების ფურცელი.

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page