top of page

ზოგადი ინფორმაცია

 

 

ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ ავსტრიაში მის მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში უნდა წარადგინოს გარკვეული წესების მიხედვით შედგენილი, ნათარგმნი და ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტები. ამ საბუთების ნუსხა განსხვავებულია ქალაქისა და სასწავლებლის მიხედვით, თუმცა არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც ავსტრიის ნებისმიერ სასწავლებელში ჩასაბარებლად ან სწავლის გასაგრძელებლად დაგჭირდებათ.

 

სანამ დოკუმენტების თავმოყრას შეუდგებით, გირჩევთ, გაეცნოთ ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში არსებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, კურიკულუმებს, სწავლასთან დაკავშირებულ დეტალებს, როგორებიცაა: სწავლის წინაპირობები, კურსის ხანგრძლივობა, სავალდებულო სემესტრული კრედიტების რაოდენობა, სწავლის გადასახადი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებისათვის და ა.შ.

 

ავსტრიის უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში არსებული ყველა ლიცენზირებული სკოლისა და უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ატესტატსა და დიპლომს აღიარებენ. ანუ საქართველოში გაცემული სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისევე როგორც ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი ავსტრიის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ შესაბამის ხარისხთან გათანაბრებულია. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს.

 

წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რა სახის გამონაკლისზე გვაქვს საუბარი, გთავაზობთ ორ კონკრეტულ მაგალითს:

 

1. საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში მიღებული სრული საშუალო განათლების ატესტატის საფუძველზე ვენის უნივერსიტეტმა სოციოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება მისცა აბიტურიენტს ე.წ. “არასრული სტუდენტის” (außerordentliche Studierende) სტატუსით. მის "სრულუფლებიან" სტუდენტად მიღების წინაპირობა ოთხი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა, მათ შორის გერმანული და ინგლისური ენების. განაცხადის ავტორს მართალია ეს საგნები სკოლის პერიოდში გავლილი აქვს, მაგრამ ან არა იმ მოცულობით ან იმდენად კარგ ნიშანზე, რაც უნივერსიტეტის მიერ არის მოთხოვნილი. ასეთ წინასაუნივერსიტეტო განათლების პერიოდს ავსტრიაში Vorstudium ჰქვია. ამ წინაპირობების მიუხედავად სტუდენტს ე.წ. “არასრული სტუდენტობის” პერიოდში სრული წვდომა აქვს უნივერსიტეტის ყველა სერვისზე და სარგებლობს თითქმის ყველა იმ უფლებით, რომლითაც “სრული სტუდენტი” (ordentliche Studierende).

 

2. საქართველოში ერთ-ერთ აკრედიტებულ უნივერსიტეტში მიღებული ხელოვნების ისტორიკოსის ბაკალავრის ხარისხი საკმარისი წინაპირობაა ვენის უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის დასაწყებად "სრული სტუდენტის" სტატუსით. თუმცა, რადგან ბაკალავრის დიპლომი არაგერმანულენოვან უნივერსიტეტშია გაცემული, სტუდენტს ევალება მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად საბაკალავრო საფეხურისთვის სავალდებულო საგნების გავლა, რათა პროფესიულ ტერმინოლოგიასა და საგნის სპეციფიკას უცხო ენაზე დაეუფლოს. ასეთია მაგალითად “ხელოვნების ნიმუშების აღწერა” და “შესავალი არქიტექტურულ ტერმინოლოგიაში”.

 

ამ დოკუმენტში ზოგად ინფორმაციასთან ერთად ცალკეულ შემთხვევებში გამონაკლისებზეც მივანიშნებთ, თუმცა ყველა მათგანის დეტალურად განხილვა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა ეს ბაზა ინფორმაციის უნივერსალური წყარო არ არის, არამედ მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ გაგიადვილოთ ინფორმაციის მოძიება თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და საბაზისო ინფორმაცია მოგაწოდოთ ავსტრიაში სწავლის დაწყების წინაპირობებზე.

 

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page