top of page

კონკრეტულად რას წარმოადგენს ავსტრიის უნივერსიტეტების მიერ მოთხოვნილი ნამდვილობის დასტური, Nachweis der tatsächlichen Zulassung/Studienplatznachweis?

 

ზოგიერთი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი ნამდვილობის დასტური არის დოკუმენტი, რომელიც წერილობით ადასტურებს, რომ თქვენ საშუალო სკოლის ატესტატის, ან ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის საფუძველზე საქართველოს კონკრეტული უნივერსიტეტის კონკრეტულ სპეციალობაზე (იმ სპეციალობაზე, რომელზეც ავსტრიის სასწავლებელში შეგაქვთ საბუთები) და კონკრეტულ (საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო) საფეხურზე სწავლის უფლება გაქვთ. ეს დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებული, ნათარგმნილი და ბოლოს ნოტარიულად დამოწმებული სახით უნდა დაურთოთ სხვა საბუთებს ავსტრიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დასაწყებად/გასაგრძელებლად. 

ავსტრიის უნივერსიტეტების მოთხოვნებში ამ დოკუმენტთან დაკავშირებით მცირე განსხვავებაა: 

მაგალითად გრაცის უნივერსიტეტი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის და არა სხვა სახელმწიფო დაწესებულების (ამ შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის) მიერ გაცემულ დოკუმენტს აღიარებს. ასეა თითქმის ყველა უნივერსიტეტშიც, ანუ, იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა თქვენი საბუთი მიიღოს მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: 

 

  1. თქვენი სრული სახელი და გვარი

  2. სასწავლო პროგრამის, ანუ ფაკულტეტის სრული დასახელება, ზუსტად იმ ფორმულირებით, რა სახელიც ჰქვია ავსტრიაში ამ ფაკულტეტს. (დოკუმენტში შეგიძლიათ მიათითებინოთ რამდენი ფაკულტეტიც გსურთ, იმდენი).

  3. წერილობითი დადასტურება, რომ თქვენ კონკრეტულ სემესტრში (იმ სემესტრში, რომელზეც ავსტრიის უნივერსიტეტში განაცხადი შეგაქვთ, მაგალითად 2023 წლის ზაფხულის სემესტრში) ამ კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის დასაწყებად ყველა წინაპირობას აკმაყოფილებთ.

  4. დასახელებული უნდა იყოს სწავლის საფეხური, რომელზე სწავლის უფლებაც გაქვთ (მაგ. ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

  5. დოკუმენტის გაცემის თარიღი.

გაითვალისწინეთ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბუთს ამ ინფორმაციებიდან რომელიმე აკლია, უნივერსიტეტი დიდი ალბათობით უარყოფით პასუხს მოგწერთ, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განათლების ხარსხის მართვის ცენტრის თანამშრომელი გეუბნებათ, რომ არ არის აუცილებელი, საბუთში ფაკულტეტის, ან სემესტრის მითითება, მოითხოვეთ, რომ აუცილებლად ჩაწერონ. 

მაგალითისთვის, ეს ყველაფერი შემდეგი ფორმულირებით შევა დოკუმენტში : ამა და ამ პიროვნებას (სახელი, გვარი) უფლება აქვს სწავლა განაგრძოს, 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, ავსტრიის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის (მაგისტრატურის) საფეხურზე, შემდეგ სპეციალობებზე... (აქ უთითებთ ფაკულტეტებს)

ვენის უნივერსიტეტი 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან აღარ ითხოვს ნამდვილობის ცნობა და მის გარეშეც შეგიძლიათ ჩააბაროთ სასურველ კურსზე.  

 

იმისთვის, რომ საქართველოში ნამდვილობის დასტური მიიღოთ, უნდა მიხვიდეთ განათლების ხარისხის მართვის ცენტრში, მისამართზე თბილისი, ალექსიძიეს ქ. 1 და ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება, შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფორმა, რომელშიც მიუთითებთ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებას, რომელშიც ისწავლეთ და საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზე სწავლისთვისაც თქვენ ითხოვთ უმაღლესი განათლების აღიარებას.

  2. სრული საშუალო განათლების ატესტატი ან/და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა, რომლითაც დასტურდება თქვენი ჩარიცხვის ან სწავლის დასრულების ფაქტი.

  3. ნიშნების ფურცელი ან დიპლომის დანართი. სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით, ანუ დიპლომის დანართი. ატესტატის შემთხვევაში - ბოლო კლასში მიღებული ნიშნების ფურცელი

  4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი

  5. მინდობილობა (სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში). მინდობილობის მიღება შესაძლებელია როგორც ნოტარიუსთან პირადად მისვლით, ასევე ინტერნეტის საშუალებით (მაგალითად როცა თქვენ საზღვარგარეთ იმყოფებით და ის პირი, რომლის სახელზეც მინდობილობას აკეთებთ, საქართველოში იმყოფება). 

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page