top of page

რომელ ფაკულტეტზე აპირებთ სწავლას?

 

 

ავსტრიის უნივერსიტეტებში ბევრ ფაკულტეტზე მიღება მისაღები გამოცდების გარეშე ხდება; ასევე, ხშირად ხდება, რომ იმ ფაკულტეტებზე, სადაც ბევრი განაცხადი არ შედის, გამოცდის გარეშე შეგიძლიათ ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაპირობად გამოცდის ჩაბარება იყო მითითებული. გამონაკლისია ფაკულტეტები, რომლებზეც ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აბიტურიენტებს მხოლოდ მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეუძლიათ სწავლის დაწყება, ასეთი ფაკულტეტებია სამედიცინო და ფსიქოლოგიის. ამიტომ გირჩევთ, სასურველი ფაკულტეტის შერჩევისას დეტალურად გაეცნოთ სავარაუდო მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაციას. მაგალითისთვის გთავაზობთ ვენის უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტების ჩამონათვალს, რომლებზეც სწავლის დაწყებამდე მისაღები გამოცდებია ჩასაბარებელი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ფაკულტეტებზე საბუთების მიღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ზამთრის სემესტრისთვის, არის შესაძლებელი.

იმ ფაკულტეტებზე, რომლებზეც ადგილები შეზღუდული არაა, მისაღები გამოცდების გარეშე დაიშვება აბიტურიენტი, თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მოთხოვნილ წინაპირობებს აკმაყოფილებს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს სწავლის დასაწყებად კონკრეტულ საგანში ან დისციპლინაში დამატებითი კვალიფიკაციის დადასტურება სჭირდება. ასეთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად, გერმანული ენის ცოდნის არასაკმარისი დონე: უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა იმ აბიტურიენტებისაგან, რომლებისთვისაც გერმანული მშობლიური ენა არაა, ამ ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს მოითხოვს (მოთხოვნილია სერთიფიკატი/დიპლომი და არა უბრალოდ კურსზე დასწრების დამადასტურებელი ცნობა, Teilnahmebescheinigung). აღნიშნული სერთიფიკატი უნდა იყო გაცემული საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის მიერ, საქართველოში ამის ორი შესაძლებლობაა, გოეთეს ინსტიტუტი და ავსტრიული ბიბლიოთეკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ÖSD-ს გამოცდა შეგიძლიათ ჩააბაროთ.

თუ აბიტურიენტს არ აქვს C1 სერთიფიკატი, მას შეუძლია გერმანულის A2 სერთიფიკატით ჩააბაროს და უნივერსიტეტი მას ე.წ. “არასრული სტუდენტის” სტატუსს ანიჭებს (Außerordentliche Studierende) და ოფიციალურად სწავლის დაწყების წინაპირობად გერმანული ენის კურსზე დასწრებას და ენის გამოცდის ჩაბარებას სთხოვს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნივერსიტეტში ოფიციალური ჩარიცხვის საბუთი (ე.წ. Zulassung) ხელში გაქვთ და სტუდენტური ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა შეგიძლიათ; სწავლის პირველ რამდენიმე სემესტრს მხოლოდ გერმანული ენის გამოცდისთვის მოსამზადებლად და სერთიფიკატის ასაღებად გამოიყენებთ და როგორც კი ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა გექნებათ, სრული სტუდენტის სტატუსით დაიწყებთ საბაკალავრო/სამაგისტრო კურსზე სწავლას. მოსამზადებელ კურსზე, გერმანულის გარდა, შეიძლება ასევე მოგიწიოთ ინგლისურის და ავსტრიის ისტორიის ან გეოგრაფიის სწავლა. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენ საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში 4 სემესტრი (2 კურსი) დახურული არ გაქვთ.

სახელოვნებო, სამუსიკო და დიზაინის მიმართულების სასწავლო პროგრამებს ამ დოკუმენტში განხილული, მიღების სტანდარტული პროცედურისგან განსხვავებული წესები აქვთ (მაგალითად, პორტფოლიოს ან აუდიოჩანაწერის წარდგენის აუცილებლობა), ამიტომ ამ მიმართულებებსა და სასწავლებლებს (აკადემია, კონსერვატორია და ა.შ.) ცალკე ქვეთავში მიმოვიხილავთ.

თუ სწავლის დაწყებამდე კიდევ გაქვთ კითხვები, რომლებზე პასუხი ვერც ოფიციალური წყაროებიდან და ვერც ამ მონაცემთა ბაზიდან მიიღეთ, იცოდეთ, რომ ყველა უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა, ყველა ფაკულტეტს ჰყავს რამდენიმე სტუდენტისგან შედგენილი ჯგუფი, რომლის მიზანი სტუდენტობის მსურველი ნებისმიერი პირის დაკვალიანება და ინფორმირებაა. ავსტრიაში მოქმედ ყველა უმაღლეს სასწავლებელს ერთიანი სტუდენტური წარმომადგენლობა ჰყავს, რომელსაც Österreichische Hochschüler_innenschaft (შემოკლებით ÖH) ჰქვია. სტუდენტობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ ჯგუფში არიან სტუდენტები, რომლებთანაც ელ. ფოსტის ar@oeh.ac.at. - საშუალებით დაკავშირება და მათგან სწავლასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღებაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ÖH-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page