top of page

რა საბუთებია საჭირო საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურზე სწავლის დასაწყებად/გასაგრძელებლად?

 

 

იმის მიხედვით, თუ სწავლების რომელ საფეხურზე (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა/ დოქტორანტურა) აპირებთ განაცხადის შეტანას, გასათვალისწინებელია საჭირო დოკუმენტების სრულყოფილი სია. ეს სია სხვადასხვა უნივერსიტეტსა და უმაღლეს პროფესიულ სკოლაში შესაძლოა განსხვავებული იყოს; თუმცა ავსტრიის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე ჩასაბარებლად აუცილებლად დაგჭირდებათ საშუალო სკოლის ატესტატი თავისი ნიშნების ფურცლით, აპოსტილით დამოწმებული, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ხოლო თუ მაგისტრატურის საფეხურზე აპირებთ ჩაბარებას, მაშინ საჭიროა თქვენ მიერ საქართველოში უკვე დასრულებული საბაკალავრო სწავლების დადასტურება, დიპლომი და დიპლომის დანართი.

მაგალითისთვის გთავაზობთ მოთხოვნილი საბუთების ჩამონათვალს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც საშუალო განათლების ატესტატი ევროკავშირის არაწევრ რომელიმე ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) აქვთ აღებული და ვენის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე სურთ სწავლის დაწყება (2015 წლის დეკემბრის მონაცემები):

  1. სრული საშუალო სკოლის ატესტატი და ნიშნების ფურცელი 

  2. ნამდვილობის დასტური (ზოგიერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში), ე.წ. Nachweis der besonderen Universitätsreife/ Studienplatznachweis 

  3. გერმანული ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/დიპლომი იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ფაკულტეტზე იწყებთ სწავლას ან გერმანული ენის A2 დონის სერთიფიკატი, თუ მოსამზადებელი და ენის შემსწავლელი საფეხურის გავლა გიწევთ. ენის სერთიფიკატი არ უნდა იყოს 2 წელზე მეტის. 

  4. პასპორტის ასლი (ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის)

აღნიშნული საბუთები სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა ფორმით შეგაქვთ, ეს დამოკიდებულია თავად უნივერსიტეტზე. მაგალითისთვის, ვენის უნივერსიტეტში განაცხადის შეტანა ხდება ონლაინ, U:space- დახმარებით. ეს გახლავთ ვენის უნივერსიტეტის გვერდი, რომელზეც რეგისტრირდება სტუდენტობის მსურველი. ამისთვის თქვენ შედიხართ გვერდზე www.uspace.univie.ac.at და ქმნით თქვენს ექაუნთს, რომლის დროსაც თქვენივე გვერდზე მონაცემების შეყვანასთან ერთად ტვირთავთ პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ფოტოსურათს. მეორე ეტაპზე უკვე ბაზაში იტვირთება ის საბუთები, რაც უნივერსიტეტს მოთხოვნებში უწერია. 

საკმაოდ ხშრად ხდება რომ ატვირთვის დროს ვუშვებთ შეცდომას, მაგალითად, არასწორ საბუთს ვტვირთავთ არასწორ ადგილზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ვენის უნივერსიტეტი გაძლევთ გარკვეულ დროს, რომ გამოასწოროთ აღნიშნული ხარვეზი. იმისთვის, რომ დრო არ დაკარგოთ, ეცადეთ, მოთხოვნილი საბუთები სწორად ატვირთოთ. აღნიშნულში ძალიან დაგეხმარებათ ვენის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლები, რომლებიც ზედმიწევნით აღწერენ, რა საბუთი სად უნდა ატვირთოთ, როგორი ხარისხით და ა.შ. შეგიძლიათ აღნიშნული ტუტორიალი იხილოთ ლინკზე: https://uspace.univie.ac.at/tutorials 

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოში არსებულ რომელიმე ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებელში უკვე გაქვთ ჩაბარებული და ფლობთ თუნდაც ერთი სემესტრის მანძილზე გავლილი ნიშნების ფურცელს, გირჩევთ ეს ცნობაც დაურთოთ თქვენს საბუთებს (შესაბამისი ფორმით აპოსტილირებული და თარგმნილი). ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს საგნების აღიარება და საბაკალავრო საფეხურზე სწავლის დაწყების შანსი, წინასაუნივერსიტეტო საფეხურის - Vorstudium - გარეშე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

უნივერსიტეტში განაცხადის შესატანად საჭირო საბუთების თარგმნისა და დამოწმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ დოკუმენტის შესაბამისი ქვეთავი


 განაცხადის მიღება უმეტეს ფაკულტეტზე წელიწადში ორჯერ - ზაფხულისა და ზამთრის სემესტრებისთვის - არის შესაძლებელი. ზუსტი ვადები შეგიძლიათ მოიძიოთ თავად უნივერსიტეტის გვერდზე.

მოყვანილი ნიმუში მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის მაგალითია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სხვა უნივერსიტეტებისა და სპეციალობების მიხედვით ეს სია შესაძლოა უფრო ვრცელი ან უფრო მოკლე იყოს. ამიტომ სასურველია, თუ გულისყურით წაიკითხავთ თქვენ მიერ ამორჩეულ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე ჩაბარების წინაპირობებს. 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page