top of page

ავსტრიაში ცხოვრების უფლების მოპოვება

 

თეორიულად ადვილია საქართველოში მცხოვრები პირი გახდეს ავსტრიის რომელიმე სასწავლებლის სტუდენტი, თუმცა, ვიზის აღების პროცესი დროში შეიძლება გაიწელოს და რამოდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. საქართველოში მცხოვრებთათვის ვიზის აღების ორი გზა არსებობს, ვეცდებით ორივეზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ერთი გზა გახლავთ ის, რომ ავსტრიის ვიზისთვის განაცხადი შეიტანოთ ბაქოში, ავსტრიის საელჩოში, რადგან საქართველოში არსებულ საელჩოს არ აქვს საკონსულო მომსახურეობის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში განაცხადის შეტანამდე აუცილებელია ტელეფონით დაუკავშირდეთ საელჩოს და თქვენ მიერ საბუთების ჩაბარებისა და გასაუბრებაზე შესვლის დრო და თარიღი შეათანხმოთ. თქვენ ორჯერ მოგიწევთ ბაქოში ჩასვლა: ერთხელ განაცხადის შეტანისას, მეორედ კი მაშინ, როცა დაგიკავშირდებიან და დაგიდასტურებენ, რომ ვიზა მზადაა. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ლოდინი უწევთ ბევრი, ხშირად ვიზაზე დასტურის მიღებას რამოდენიმე თვე სჭირდება და როდესაც ვიზას მიიღებთ, ლოდინის დრო აკლდება მისი მოქმედების დროს. მაგ. ვიზას სამი თვე ელოდებით, ბაქოში ძირითადად პირველადი ვიზა 6 თვიანია, ვიზის გადაგრძელება ავსტრიაში ჩამოსვლის შემდეგ მარტივად შეგიძლიათ.

მაგალითისთვის გთავაზობთ იმ საბუთების ჩამონათვალს, რომლებიც ბაქოში ავსტრიის საელჩოში სტუდენტური ვიზის ასაღებად განაცხადის შესატანად დაგჭირდებათ:

  • 1 ბიომეტრიული ფოტო, არაუძველეს 6 თვისა

  • მოწვევა უნივერსიტეტიდან, Zulassung/Zulassungsbescheid

  • თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერი. საბანკო ანგარიში უნდა იყოს ან ავსტრიაში მოქმედ ბანკში გახსნილი, ან საქართველოში მოქმედ ბანკში ისე, რომ ანგარიშზე წვდომა ავსტრიის ტერიტორიიდან იყოს შესაძლებელი. ანგარიშზე სავალდებულოა გქონდეთ დაახლოებით 6500 ევრო (24 წლამდე) ან დაახლოებით 13000 ევრო (24 წელს ზემოთ). საბანკო ანგარიშის ამონაწერის ალტერნატივა მეურვეობის ცნობაა, ე.წ. Haftungserklärung, რომელიც ავსტრიის მოქალაქის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების სხვა ალტერნატივებია: სტიპენდია, ფასიანი ქაღალდების მფლობელობა, ცნობა სამშობლოდან დაფინანსების შესახებ შესაბამისი გადარიცხვების ამონაწერით და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ უნდა დაასაბუთოთ, რომ ავსტრიაში მომდევნო ერთი წლის მანძილზე თვეში მინიმუმ 481,75 ევროს (24 წლამდე) ან 872,31 ევროს (24 წელს ზემოთ) დახარჯვა შეგიძლიათ. თუ წარდგენილი ბინადრობის ხელშეკრულების მიხედვით ავსტრიაში მიღებულ საცხოვრებელში 278,72 ევროზე მეტის გადახდას გეგმავთ, მაშინ შესაძლოა საელჩომ დამატებითი დაფინანსების ცნობა მოგთხოვოთ (2015 წლის მონაცემები).

  • ბინადრობის ხელშეკრულება ავსტრიაში დაგეგმილი საცხოვრებელი ადგილიდან

  • ნასამართლეობის ცნობა საქართველოდან, არაუძველეს სამი თვისა

  • დაბადების მოწმობა

  • პასპორტი. პასპორტი მოქმედი უნდა იყოს ვიზის შეტანიდან მინიმუმ 7 თვის მანძილზე და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 ცარიელი გვერდი

  • სამოგზაურო დაზღვევა მინიმუმ 30.000 ევროს მოცულობით, რომელიც შენგენის ყველა ქვეყანაში მოქმედია.

სავალდებულოა დოკუმენტების ორიგინალების და თითოეული მათგანის ორი ქსეროასლის წარდგენა. ქართულ ენაზე გაცემული დოკუმენტების საელჩოში წარდგენამდე მათი ლეგალიზებათარგმნა და დამოწმებაა საჭირო (დოკუმენტის ლეგალიზების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ მოყვანილი ინფორმაცია შეესაბამება საელჩოს ვებგვერდზე 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით არსებულ დოკუმენტაციას. ამიტომ სასურველია, თუ საბუთების მოწესრიგების დაწყებამდე აქტუალურ ინფორმაციას გადაამოწმებთ ბაქოში არსებულ ავსტრიის საელჩოში.

რაც შეეხება ვიზის მიღების მეორე გზას, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველომ ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ამ გზას მიმართავს სტუდენტების უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტისგან იღებთ დასტურს, ვიზის გარეშე ჩემოდიხართ ავსტრიაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში და აქ შეგაქვთ განაცხადი, ცენტრალურ მაგისტრატში, რომელიც მდებარეობს ქალაქის მე-20 უბანში, Dresdner Straße-ზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რადგან თქვენ უნივერსიტეტისგან მოწვევა (Zulassung) გაქვთ, აღარ არის აუცილებელი საქართველოს დატოვებისას მესაზღვრეს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც წარუდგინოთ, როგორც ამას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში მოგზაურებს სთხოვენ. 

ავსტრიაში ჩამოსვლისთანავე რეკომენდირებულია დროულად მიხვიდეთ უნივერსიტეტში, გაიაროთ რეგისტრაცია და გადაიხადოთ თანხა, რადგან მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ გაძლევთ უნივერსიტეტი საბუთს Inskriptionsbestätigung-ს, რომელიც აუცილებელია ვიზის გაგრძელებისთვის და ასევე, დროულად იზრუნოთ გახსნათ ანგარიში ბანკში და გააკეთოთ ჯანმრთელობის დაზღვევა. ორივე მათგანისთვის დაგჭირდებათ აღნიშნული Inskriptionsbestätigung და ასევე საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია ავსტრიაში. 

ავსტრიაში ჩამოსვლის შემდეგ, ვიზაზე განაცხადის შესატანად გჭირდებათ შემდეგი საბუთები: 

  • 1 ბიომეტრიული ფოტო, არაუძველეს 6 თვისა

  • მოწვევა უნივერსიტეტიდან, Zulassung/Zulassungsbescheid, ასევე Inskriptionsbestätigung

  • თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერი. საბანკო ანგარიში უნდა იყოს ავსტრიაში მოქმედ ბანკში, თქვენს სახელზე გახსნილი. ანგარიშზე სავალდებულოა გქონდეთ დაახლოებით 6500 ევრო (24 წლამდე) ან დაახლოებით 13000 ევრო (24 წელს ზემოთ). თქვენ არ გჭირდებათ ამ თანხის ანგარიშზე გაყინვა და მისი გამოტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. საბანკო ანგარიშის ამონაწერის ალტერნატივა მეურვეობის ცნობაა, ე.წ. Haftungserklärung, რომელიც ავსტრიის მოქალაქის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების სხვა ალტერნატივებია: სტიპენდია, ფასიანი ქაღალდების მფლობელობა, ცნობა სამშობლოდან დაფინანსების შესახებ შესაბამისი გადარიცხვების ამონაწერით და სხვა. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო დროს, მაგისტრატებში ითხოვენ ანგარიშზე არსებული თანხის წარმომავლობის დამტკიცებას, ანუ იმას, თუ საიდან გიდევთ ანგარიშზე ეს თანხა.  

  • ბინადრობის ხელშეკრულება ავსტრიაში არსებული საცხოვრებელი ადგილიდან

  • დაბადების მოწმობა

  • ნასამართლეობის ცნობა საქართველოდან, არაუძველეს სამი თვისა

  • პასპორტი. პასპორტი მოქმედი უნდა იყოს ვიზის შეტანიდან მინიმუმ 7 თვის მანძილზე და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 ცარიელი გვერდი

  • დაზღვევა, რომელზეც განაცხადის გაკეთება ავსრიაში შეგიძლიათ, სტუდენტური დაზღვევისთვის ყველაზე მისაღები პირობები ÖGK-ა აქვს, სადაც სტუდენტს თვეში დაახლოებით 67 ევროს გადახდა უწევს. 

  • შევსებული სავიზო ფორმულარი

გაითვალისწინეთ ის, რომ მაგისტრატს უფლება აქვს მოგთხოვოთ დამატებითი საბუთები, რომელიც ჩამონათვალში არ წერია. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმში ხართ ჩამოსული და იმ შემთხვევაში, თუ ვიზაზე პასუხი სამ თვეში არ მოგივიდათ, მოგიწევთ ქვეყნის დატოვება და პასუხის საქართველოში დალოდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგისტრატი უფლებას იტოვებს 3 თვე გალოდინოთ, სანამ ვიზის პასუხი მოგივათ, ეცადეთ საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ დრო არ დაკარგოთ და საბუთები დროულად შეიტანოთ.

ზუსტი ჩამონათვალი საბუთებისა მაგისტრატის გვერდზე, შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე:

 https://www.wien.gv.at/amtshelfer/dokumente/aufenthalt/aufenthaltsbewilligung/bescheinigungen/studierender.html

რაც შეეხება იმას, თუ რომელი გზა სჯობს ამ ორიდან, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გირჩევნიათ, მაგრამ, ბოლო დროს, ბაქოში არსებული ავსტრიის საელჩო რეკომენდაციას იძლევა, რომ ვენაში ჩახვიდეთ და განაცხადი იქ შეიტანოთ. 

ბაქოში ავსტრიის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ვებ–გვერდი

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page