top of page

ჰუმანიტარული დახმარება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის/Humanitäre Hilfe für die Betroffenen der

25 ივნისს ვენიდან თბილისში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად. "ავსტრიის ქართული სახლის" და "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანიზებით, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების კეთილი ნებისა და სოლიდარობის დამსახურებით შესაძლებელი შეიქნა დაახლოებით 330 კილოგრამის ოდენობის დახმარების შეგროვება.

მადლობას ვუხდით ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან საკუთარ სამშობლოს გვერდით დაუდგნენ, რომელთაც გული შეტკივათ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ერთად, ამ გზით ვცადეთ დაზარალებულთა დახმარება. მადლობა ვენაში მცხოვრებ პატარებს, რომლებმაც თავიანთი ხელით ჩაალაგეს საკუთარი სათამაშოები თბილისელი ბავშვებისთვის.

ასევე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქართულ სახლს ავსტრიაში, მის ხელმძღვანელს, თამარ აღდგომელაძეს და მმართველი საბჭოს წევრებს იმისთვის, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ და, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მოახერხეს ტვირთის შეგროვების და გაგზავნის ორგანიზება.

ჰუმანიტარულ ტვირთს თბილისის აეროპორტში დიასპორის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან, რომელთაც მადლობას ვუხდით თანამშრომლობისა და გვერდით დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა "Georgian Airways" - ს, მათ სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყვეს ამ ტვირთის ტრანსპორტირება.

ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება თანხის შეგროვება. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თანხით დაეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს. ამ ტრაგედიამ ყველას დაგვანახა, რომ არ აქვს მანძილს მნიშვნელობა, როცა ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ ერთად დგომა შეგვიძლია, თუმცა, ვისურვებდით, რომ აღარასოდეს განეცადოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს მსგავსი ტკივილი.

საკვანძო სიტყვები

Noch keine Tags.
bottom of page