ქართული კულტურის დღე ქალაქ ვენაში/Georgische Kulturtage in Wien
- georgianstudents
- 28. Aug. 2015
- 2 Min. Lesezeit
28 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში "ქართული დღე" გაიმართა. ღონისძიება "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" (Georgian Students` Association in Austria) ორგანიზებით, NONO Verein-ის მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო.
ქართული დღის თანაორგანიზატორები იყვნენ: კაფე „Atelier Sachlink“ და მომღერალი ია ღვინიაშვილი.
ქართული დღის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში Yppenplatz-ზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება.
14:00 საათიდან ფუნქციონირებდა ქართული სტენდი - საქართველოს შესახებ ინფორმაციებით, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთებით და ხელნაკეთობებით. მსურველებს შეეძლოთ საქართველოს, ქართული ენის და დამწერლობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და ასევე "ავსტრიის ქართული სახლის" წარმომადგენლების დახმარებით, ქართული ანბანით წერა.
ქართული დღის ფარგლებში მოეწყო ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი სამკაულებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ვენაში, ისე ქალაქ ლინცში მცხოვრები ქართველი ხელოვანები.
ღონისძიების თანაორგანიზატორ კაფეში "Atelier Sachlink" სტუმრებს ასევე შეეძლოთ ქართული კერძების და ქართული ღვინის მრავალი სახეობის დაგემოვნება, ამავე დროს მათ შეეძლოთ იქვე ენახათ როგორ მზადდება ქართული კერძები, რომელიც "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" წევრების და "ავსტრიის ქართული სათვისტომოს" ხელმძღვანელის, თამილა ჯერვალიძის მიერ მზადდებოდა.
საღამო ქართული კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ავსტრიელი, ისე ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართულმა ტრადიციულმა ცეკვამ.
საღამოზე სულ ოთხი ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა.
ღონისძიებას მთელი დღის განმავლობაში რამოდენიმე ასეული სტუმარი ჰყავდა. აღნიშნული კულტურის ფესტივალი ბოლო ორ თვეში უკვე მესამეა, რომელსაც ორგანიზება სტუდენტურმა ასოციაციამ გაუწია.
„ავსტრიის ქართველ სტუდენტთა“ ასოციაცია მადლობას უხდის თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ღონისძების ორგანიზებაში, ასევე ჩვენი ასოციაციის კულტურული კომიტეტის ხელმძღვანელს ლილი ჯიშიაშვილს.
მადლობა კონცერტის მონაწილეებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, ხელოვანებს, ასევე მადლობა იმ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს რომლებიც ქალაქ ვენაში ფუნქციონირებენ: „ავსტრიის ქართულ სახლს“ და „ქართულ სათვისტომოს ავსტრიაში“, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების მსვლელობაში იყვნენ ჩართული, ასევე, მადლობა ღონისძიების მხარდაჭერისთვის საქართველოს საელჩოს ავსტრიაში.
„ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია“ სტუდენტური გაერთიანებაა, რომლის მთავარი მიზანი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების გაერთიანება და საქართველოს პოპულარიზაციისთვის ერთობლივი ღონისძიებების გამართვაა.
Comments