top of page

სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე

 

 

სადოქტორო სასწავლო პროგრამებს ავსტრიაში მხოლოდ უნივერსიტეტების სპეციალობათა ჩამონათვალში შეხვდებით. პროფესიულ უმაღლეს სკოლებს (Fachhochschule) სადოქტორო პროგრამები არ აქვთ; მეტიც, ასეთ სკოლაში მიღებული მაგისტრის ხარისხი შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

 

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დასაწყებად განაცხადის შეტანის ვადები სხვადასხვა უნივერსიტეტში შეიძლება განსხვავებული იყოს; მაგალითად, ვენის უნივერსიტეტში განაცხადის შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გამონაკლისია მხოლოდ ეკონომიკის მეცნიერებების დოქტორანტურა, სადაც საბუთების შესატანად კონკრეტული ვადები არსებობს (დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე მიმართულების ვებგვერდზე).

 

რაც შეეხება დოქტორანტურაზე ჩასაბარებლად საჭირო საბუთებს: მართალია სხვადასხვა უნივერსიტეტების ვებგვერდებზე მათ ჩამონათვალში მხოლოდ დეტალებშია განსხვავება, მაგრამ გირჩევთ, სანამ საბუთების თავმოყრას შეუდგებით, თქვენ არჩეულ უნივერსიტეტში გადაამოწმოთ და უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვოთ საბუთების ზუსტი ჩამონათვალი. მაგალითისთვის გთავაზობთ ვენის უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დასაწყებად საჭირო ეტაპების აღწერას (ზემოთ მოცემული ინფორმაცია ეკონომიკური მეცნიერებების მიმართულებაზე გამონაკლისის შესახებ აქაც ვრცელდება):

  1. ვენის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ-რეგისტრაციარეგისტრაციისას მითითებული პაროლი მოგვიანებით დაგჭირდებათ უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში როგორც საგნების ასარჩევად, ისე გამოცდებზე დასარეგისტრირებლად.

  2. ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ყველა მოთხოვნილი საბუთი ვენის უნივერსიტეტში იგზავნება ფოსტით (არა იმეილით ან ფაქსით). რა თქმა უნდა, პირადად მისვლა და საბუთების დატოვებაც არის შესაძლებელი, განაცხადებისთვის საგანგებოდ შექმნილ საფოსტო ყუთში.

 

გთავაზობთ იმ საბუთების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს განაცხადს უნდა დაურთოთ:

 

  • სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი კითხვარი 

  • სწავლების წინა ორი საფეხურის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, დასრულების დამადასტურებელი საბუთი/დიპლომი

  • თითოეული დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი

  • პასპორტის ასლი

  • ნამდვილობის დასტური/Studienplatznachweis მშობლიური უნივერსიტეტიდან (საბუთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ დოკუმენტის შესაბამის ქვეთავში)

  • გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი/სერთიფიკატი/დიპლომი. ენის ცოდნის საჭირო დონის შესახებ ინფორმაცია თავად სადოქტორო პროგრამის კურიკულუმშია გაწერილი. მათი დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

  • (არსებობის/საჭიროების შემთხვევაში) ცნობა სხვა ავსტრიული უნივერსიტეტიდან, რომელშიც იმავე მიმართულებაზე სწავლობთ დოქტორანტურის საფეხურზე, რომელ მიმართულებაზეც ვენის უნივერსიტეტში გსურთ ჩაბარება.

 

ყველა ჩამოთვლილი საბუთი საჭირო ფორმით უნდა იყოს აპოსტილირებული და (საჭიროების შემთხვევაში) გერმანულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი. საბუთების თარგმნისა და დამოწმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ დოკუმენტის შესაბამის ქვეთავში. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები ორ ეგზემპლარად უნდა წარადგინოთ/გააგზავნოთ - როგორც ნოტარიულად დამოწმებული ასლების, ისე უბრალო ასლების ფორმით (თქვენი საბუთების დამუშავება დროში რომ არ გაიწელოს).

 

საბუთების გაგზავნიდან პასუხის მიღებამდე დრო საშუალოდ 12 კვირას მოიცავს. უნივერსიტეტიდან, როგორც წესი, წერილობითი პასუხი მოგივათ. მიღებული პასუხი შეიძლება იყოს სამგვარი:

  • დადებითი. თქვენ დოქტორანტურაში სწავლის დაწყება შეგიძლიათ ყველანაირი წინაპირობების გარეშე

  • (ნაწილობრივ) დადებითი. თქვენ დოქტორანტურაში სწავლის დაწყება შეგიძლიათ იმ წინაპირობით, რომ სწავლის მანძილზე იმ საგნებში, რომლებშიც თქვენი კვალიფიკაცია მოთხოვნილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ჩააბარებთ გამოცდებს (ასეთი საგნების საერთო მოცულობა 60 კრედიტს არ აღემატება)

  • უარყოფითი.

 

დადებითი ან "ნაწილობრივ" დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში პირადად უნდა გამოცხადდეთ ვენის უნივერსიტეტის ე.წ. კანცელარიაში (Referat Studienzulassung), სადაც ოფიციალურად დარეგისტრდირდებით სტუდენტის სტატუსით და დამატებით ინფორმაციას მიიღებთ სწავლის დაწყებამდე მოსაგვარებელი ფორმალობების შესახებ. უნივერსიტეტში პირადად მისვლისას, მიღებული დასტურის (Zulassung) გარდა, თან უნდა იქონიოთ პასპორტი და ერთი ბიომეტრიული ფოტო სტუდბილეთისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ აქ მოყვანილი მაგალითი ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის საჭირო წინაპირობების მხოლოდ ნიმუშია; ეს მონაცემები შესაძლოა დეტალებში განსხვავდებოდეს სხვა უნივერსიტეტებში არსებული წინაპირობებისგან. ამიტომ, გირჩევთ, თავად მოიძიოთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარების წინაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დამატებითი კითხვების შემთხვევაში უშუალოდ უნივერსიტეტის/ფაკულტეტის წარმომადგენლობას დაუკავშირდეთ. შედარებისთვის შეგიძლიათ გადახედოთ ავსტრიის სხვა უნივერსიტეტებში არსებულ წინაპირობებს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის:

 

სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე გრაცის უნივერსიტეტში

სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე ინსბრუკის უნივერსიტეტში

ავსტრიაში დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებისა და კვლევითი სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ამავე დოკუმენტში, სტიპენდიების ქვეთავში.

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page